ჩვენი დროის ალუდა ქეთელაური

246546_409122669131537_1991790924_n

   ბავშვობაში, მახსოვს ხუმრობა ქელაურებზე_”რაღა გიჭირთ, ვაჟა-ფშაველამ თქვენი გვარისგან გმირი შექმნა და გაგალექსათო”. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ გავიდოდა წლები და აღმოვაჩენდი, რომ ნამდვილი ალუდა ქეთელაური ჩვენს საუკუნეში ცხოვრობდა. სწორეს ისეთი ღირსეული, როგორიც ვაჟას ალუდა ქეთელაურს შეეფერებოდა. სამწუხაროა, რომ ეს მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, როდესაც ის უკვე ჩვენს გვერდით აღარ იყო, მას შემდეგ, რაც XXI საუკუნის ალუდა ქეთელაურმა თავისი სახელი 24 წლის ასაკში უკვდავყო.

“ვარ მხიარული, უფრო ცოტა გიჟიც, ცოტა რომანტიკოსიც. მიყვარს სიმართლე და ალალი თვალები”_ასეთი იყო ალუდა ქეთელაური. ყველასგან გამორჩეული და თავისუფლების მოყვარული. ყველაზე მართალი ბიჭი_ალალი თვალებთ. ყველაზე გულწრფელი და კაცთმოყვარე.

ბიჭი საოცარი ვოკალით! ხმა, რომელსაც ერთხელ მოუსმენ და ვეღარ ივიწყებ. ხმა, რომელშიც ერთდროულად შეიგძნობ: სითბოს და სიმკაცრეს, სიყვარულს და სევდას, თავისუფლებას და, რაც მთვარია, მის შინაგან მდგომარეობას…168556_409098042467333_1038948953_n

“ეხლა გიამბობ ამბავს

ერთი ხევსური ბიჭის,

გამოყენება არ იცის

ღვთისგან ბოძებულ ნიჭის!..”

_  ეს ალუდაა, საკუთარ თავზე. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ალუდა მეგობრების ვიდეოჩანაწერებით გაიცნო.

 “გუდანის ჯვარს” ჩამოჰკრავდა და დადუმება მოგინდებოდა, “აპარეკას” აამღერებდა  და_ხევსურეთში მოგზაურობა, თანაც ისე, რომ მისი ხმა შენი თანმდევი ყოფილიყო

ბავშვობიდან გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდაო_მითხრა ლევანმა (ალუდას ძმა). ჯერ კიდევ პატარა, მაშინ, როდესაც გუნდში მღეროდა, იქიდან წამოსულა

_გუნდშისიმღერა ჩემი საქმე არ არისო. სულ პატარა, უკვე თავისუფლებისკენ ისწრაფვოდა და  სხვას საკუთარ ვოკალსაც კი არ ამორაჩილებდა. ერჩივნა ისე ემღერა, როგორც ემღერებოდა და მათთვის ემღერა, ვისთვისაც ემღერებოდა…

მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი ჯგუფი “მეხუთე სეზონი” იყო. სახელწოდების განმარტება არ გაინტერესებთ?_”გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, მეხუთე სეზონი კიდევ, სიყვარულის სეზონიაო”. სწორედ ამ მეხუთე სეზონით ქმნიდა სიმღერებს, იმ ბიჭებთან ერთად, რომლებიც ყველაზე თავისიანებად მიაჩნდა და ამბობდა: “ისე მოხდა, რომ ამ ჯგუფში ყველა მთის შვილი შევიყარეთო”. ჯგუფის წყალობით იქმნებოდა სიმღერები, რომლებიც დროს აერთებდა . ძველის და ახლის სინთეზს ქმნიდა, რაღაც ახალს ამბობდა. ტექსტები_ზოგი ალუდასი, ზოგიც სხვა ხევსური პოეტებისა და მთლიანობაში მეხუთე სეზონი იყო რა…

როდესაც ლევანს ვკითხე_თუ გრძნობდით იმას, რომ ყველასგან გამორჩეული იყო-მეთქი?_პირდაპირ არ მიპასუხა და ამბის მოყოლა დაიწყო: “ერთხელ, ჩვენი ნათესავი ბიჭი დაიღუპა. ალუდასავით ისიც მღეროდა და უკრავდა. სოფლის კოლორიტად მიიჩნევდნენ. ყველა ტიროდა, ალუდამ კი ბალალაიკა მოითხოვა_მომიტანეთ, უნდა ვიმღეროო. უფროსებმა ამის ნება არ მისცეს. ვერ გაუგეს… ალუდას ამით მისთვის პატივის მიგება უნდოდა… ვერ იტანდა მოწყენილობას და, ხო, ტირილს ვერ იტანდა კიდევ… არასოდეს ტიროდა…”_მივხვდი, ლევანმა ამით ჩემს შეკითხვას უპასუხა და დამეთანხმა კიდეც.

469430_422338621143275_1669821750_oდიახ, ის ყველასგან გამორჩეული იყო და ამას თავადაც კარგად გძნობდა: “მე ვხედავ, როგორ იცვლება ადამიანების დამოკიდებულება, როდესაც მათნაირი არ ხარ, ვხედავ, გაკვირვებულ სახეებს, ბევრ რამეს ვამჩნევ და ჯერ სად ვარ კიდე…”  ასეთი იყო და მორჩა!

“ყველა ცდილობს შენში რაღაც შეცვალოს და თავისნაირი გაგხადოს. მე კიდევ ჩემნაირი ვარ და და რა ვქნა?! არაფრის და ვერავის გულისთვის ვერ შევიცვლები…”

ტირილი არ უყვარდაო და მეც მაშინვე “მეხუთე სეზონის” სიმღერა “დაუოკებელი სული”  გამახსენდა. სიმღერა_სრული ექსპრომტი. ბიჭები უკრავდნენ, ალუდა და პოეტი გიორგი არაბული კი ტექსტს იგონებდნენ. გულიდან წამოსულ სიტყვებს ალბათ. ამ დროს ალუდას სიტყვები:”…ჩვენ არ დავიწყებთ ტირილს…” _ჩანაწერის მოსმენისას მაშინვე ყურში მომხვდა და ამ ფრაზაზე ხშირად ვფიქრობდი ხოლმე (დღემდე ამოუცნობია…)…544487_411696878866571_412912004_n

“განა რომ ვმღერი, ლაღი ვარ,

დარდების ქარში მფანტავი.

ვინც ჩემზე იტყვის ლაღია,

ჩემსავით ლაღიმც ის არი!”…

“ვინ ხართ, სად ხართ, რატომ არ ხართ ჩემ გვერდით, როცა მჭირდება და როცა მინდა თქვენი დახმარება…მოდით მოხედეთ…მომიარეთ …  ცუდად ვარ…”  “ნეტავ რატომ ვარ ასე, სიკვდილიდ შესაცვალივით…”_ეს იყო შინაგანი_”მე”, რომელიც მისი ლამაზი ღიმილისაგან სრულიად განსხვავდებოდა…მას უყვარდა ადამიანები და მათთვის ეს ღიმილი ულევი ჰქონდა…

ჯონათან ლივინგსტონი, გამორჩეულად მფრენი თოლია, რომელიც ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. თავისუფლებას ესწრაფვოდა… ის სხვა თოლიებიგან განსხვავდებოდა… გეცნობათ?_ეს ალუდა ქეთელაურის საყვარელი პერსონაჟია. მსგავსი ისტორიითა და თავისუფლების წყურვილით. მან ჯონათანივით თავისუფლება ამჯობინა და სივრცის გადაღმა გაუჩინარდა. მისი დაუოკებელი სული ალბათ ვერ შეეჩვია იმ სამყაროს, სადაც ადამიანებს სრულ თავისუფლემადე ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაკლია. 24 წლის ასაკში დრო შეაჩერა და სამუდამოდ ახალგაზრდა დარჩა…  იცხოვრა ისე, როგორც ეცხოვრებოდა, უყვარდა ისე, როგორც უნდოდა, რომ ჰყვარებოდა…სულს თავისუფლება უთხრა და მთელი სიცოცხლე ასე გაიტანა_

539640_409001405802785_2018090645_n“აკეთე ის, რაც შენ გინდა,

თუ ნებას მოგცემს უფალი.

იფრინე სივრციის გადაღმა,

იყავი თავისუფალი!…”

ეს XXI საუკუნის ალუდაა, ქეთელაური… იცნობდეთ!…

Leave a comment